ქალი მოჭადრაკეები:„ამ კანონის მიღებით საქართველო ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში“
საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ უკიდურესად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღების გამო.
მათი განცხადებით, ამ კანონის მიღებით საქართველო ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას.
„სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია!"- აცხადებენ ქალი მოჭადრაკეები.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები, მათ შორს - წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა ათობით ადამიანი. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.
პარლამენტის შენობასთან ხალხმა შეკრება 7 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სხდომაზე დაიწყო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს.