პატრუშევი: დასავლეთი ცდილობს, კიევს გადააბრალოს "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების პასუხისმგებლობა
რუსეთის ხელისუფლებისთვის არ არის ცნობილი, კერძოდ ვინ არის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქების ორგანიზატორი, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.
მისი თქმით, მედიაში ამკვიდრებენ მოსაზრებას, რომ გაზსადენის აფეთქებასთან კავშირი არა აქვთ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს. ამ გაზსადენით, რომლის ორი შტო ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის, გაზი მიეწოდება რუსეთიდან პირდაპირ გერმანიას და შემდეგ ის ევროპის სხვა ქვეყნებში ნაწილდება.
პატრუშევის თქმით, ზოგიერთმა დასავლურმა მედიასაშუალებამ „დანიშნა“ დამნაშავე - „უკრაინელ ტერორისტთა რაღაც ჯგუფი“. მაგრამ უშიშროების საბჭოს მდივანს არ სჯერა აფეთქებებთან უკრაინული დაჯგუფებების კავშირისა: „კიევს არაფერი დაუკარგავს და არაფერი მოუპოვებია გაზსადენის განადგურებით“.
მისი თქმით, დივერსია ნებისმიერ შემთხვევაში მომზადებული იყო აშშ-ისა და ნატოს დაკვეთით.
გასულ კვირაში ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ გაზსადენის აფეთქება „პროუკრაინულმა დაჯგუფებამ“ მოაწყო. მედიის თანახმად, ნატოს არ სურდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ვინაიდან ამას შესაძლოა ურთიერთობების გაუარესება მოჰყოლოდა უკრაინასა და გერმანიას შორის.
პუბლიკაციებში მითითებული იყო, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა არ იყო დივერსიის მზადების საქმის კურსში.
თავად ზელენსკიმ უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ „უკრაინელებს ეს ნამდვილად არ გაუკეთებიათ“.