ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი საბრძოლო პოტენციალს ვერ აღიდგენს მხოლოდ პირადი შემადგენლობის გაზრდით
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი უკრაინასთან საომრად შეძლებს დამატებით 400 000 ნამდვილი მოხალისის მობილიზებას.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებზე, რომ რუსეთის ხელისუფლება ემზადება დამატებით 400 000 პირის მობილიზაციისთვის. საუბარია ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა მობილიზაციას ფორმალურად უნდა ჰქონდეს არა იძულების, არამედ საომრად ნებაყოფლობით წასვლის სახე.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რეალურად ეს შეუძლებელი იქნება და რუსეთის რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება შეეცდება ცენტრიდან დასახული ამოცანა იძულებითი მობილიზაციით შეასრულოს.
როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო წერს, რუსეთი საბრძოლო პოტენციალის აღდენას მხოლოდ პირადი შემადგენლობის გაზრდით ვერ შეძლებს, რადგან სჭირდება გაცილებით მეტი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალები, ვიდრე დღეს აქვს.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. ოქტომბრის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პუტინს უპატაკა, რომ პროცესი დასრულებულია და მობილიზებულია 300 000 ადამიანი.
რუსეთში გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამო რუსეთი დატოვა გაწვევის ასაკის ათეულობით ათასმა მამაკაცმა.