ქეთი ქურდოვანიძე: ზვიადი მარტო იჯდა ოთახში, უკვე იცოდა, რომ ასლან აბაშიძემ რუსების 10 უახლესი ტანკი გამოგზავნა სამტრედიის ასაღებად, იცოდა ის, რომ …
0
“31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
არაფერზე ისე არ მიჭირს წერა, როგორზ ზვიადზე. არადა, რამდენი რამ მაქვს სათქმელი და მოსაყოლი. ათჯერ წავშალე დაწყებული სტატუსი და ბოლოს მივხვდი, რომ არ არსებობს სიტყვები, რომლებითაც ძალმიძს დაუვიწყარი მოგონებებისა და ემოციების გადმოცემა.
ხვალ ზვიადის დაბადების დღეა და ერთი უცნობი ეპიზოდი მინდა გავიხსენო ჩვენი ზუგდიდური ოდისეადან.
ზვიადი ზუგდიდში სულ ორიოდე კვირის ჩამოსული იყო, როდესაც ხუნტის ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს მან მიატოვა თანამებრძოლები და კვლავ გროზნოში გაიქცა. მახსოვს, ძალიან გაბრაზდა და ასე მითხრა:მთელი ცხოვრება ცილს მწამებდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როდესაც მოღალატეს მეძახიან და სტალინს მადარებენო, რადგან მთელი ცხოვრება სწორედ ღალატისა და სისხლიანი დიქტატურის წინააღმდეგ ვიბრძვიო.
გამეღიმა და ვკითხე, როგორ მოვიქცეთ–მეთქი.
“დაურეკე პირველ არხს და უთხარი, რომ აქ ვარ, და ვერასდროს ეღირსებიან საქართველოდან ჩემს განდევნას–თქო.”
დავრეკე ტელევიზიაში და არჩილ გოგელიამ მიპასუხა (ხმით მაშინვე ვიცანი, რადგან წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით), მითხრა, ზაზა დარასელი ვარო. აღარ შევეკამათე და პირდაპირ საქმეზე გადავედი. გოგელიამ ნიშნისმოგებით მითხრა,: თუ მანდ არის, ინტერვიუ მოგვცესო. დამელოდეთ და შევუთანხმდები–მეთქი. როდესაც ზვიადს არხის დირექტორის შეთავაზება გადავეცი, გაეღიმა და მიპასუხა:” ახლა გადამაცმევენ მტრის ფორმას, დაამონტაჟებენ ჩემს ხმას და ხალხს ეტყვიან, თქვენი პრეზიდენტი საქართველოს დასაშლელად ჩამოვიდაო.” მერე ამას ვინ დაიჯერებს–მეთქი. “გენაცვალე, ტყუილი რაც უფრო მითოლოგიურია, მით უფრო იოლად იჯერებენ ადამიანები, ვეფხვი გაიტაცა ზოოპარკიდან და დაახრჩოო, ამას რომ ირწმუნებ, სხვაზე რა უნდა თქვა. ალბათ იფიქრეს, ეგ “ვეფხისტყაოსანზე” წერს და ლომ–ვეფხვების ხოცვა კარგად ეცოდინებაო, თორემ ეს ვეფხისა და მოყმის ამბავი საიდან უნდა მოეფიქრებინათ”
იმ უმძიმეს დღეებში წუთითაც არ დაუკარგავს იუმორის გრძნობა. მხოლოდ ბოლო ჩვენი შეხვედრა იყო ძალიან სევდიანი. ზვიადი მარტო იჯდა ოთახში, უკვე იცოდა, რომ ასლან აბაშიძემ რუსების 10 უახლესი ტანკი გამოგზავნა სამტრედიის ასაღებად, იცოდა ის, რომ საქართველოში იწყებოდა მრავალწლიანი უბედურება და ისიც იცოდა, რომ განაჩენი გამოტანილი იყო,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.