სპარსეთის ყურის ქვეყნებზე რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა იყო
სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, მათ შორის არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კუვეიტმა, საუდის არაბეთმა და ბაჰრეინმა 20 მარტს განაცხადეს რაკეტებითა და დრონებით მორიგი შეტევის შესახებ.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანი უტევს სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნების ენერგოობიექტებს.კუვეიტის სახელმწიფო ნავთობკომპანია KPC-ს ინფორმაციით, 20 მარტს დილით დრონებით თავდასხმა იყო მინა ალ-აჰმადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში ათზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
დილით აფეთქებები იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების სხვადასხვა რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აფეთქებები ახსნა ირანულ რაკეტებსა და დრონებზე საჰაერო თავდაცვის სისტემების რეაგირებით.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოგერიებული ირანული საბრძოლო მასალების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთ საწყობში.
20 მარტს გამთენისას ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმის ახალი ტალღა დაიწყო თეირანში „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის" წინააღმდეგ.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, „მტრის სამიზნეების“ წინააღმდეგ თეირანში ამოქმედდა საჰაერო თავდცვის სისტემა.
2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.
