„გირჩის“ წევრების თქმით, შსს-ში უდასტურებენ, რომ ერთი წელი ფარულად უსმენდნენ
პარტია „გირჩის“ მოქმედი და ყოფილი წევრები 2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალის საქმეზე შსს-ში იმყოფებოდნენ.
„გირჩის“ ვებგვერდის ცნობით, გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ ტორესა მოსიმ თქვა, რომ საუბრის ჩანაწერებში ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი საგანგაშო და დანაშაულებრივი, ამიტომ საქმეს ხურავენ.
„მე რაც გავიგე, გვითხრეს, რომ ერთი წელია „კანონიერად“ გვისმენენ. ანუ რეალურად გვითხრეს, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან, მათ შორის პირადი ცხოვრების ნაწილი. ამის სათქმელად დაგვიბარეს. ტლანქად გაგვაფრთხილეს“, - დაწერა „ფეისბუკზე“ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ შსს-ში მისვლამდე.
პარტია შსს-ში დაბარებას ტაქსების ახალი რეგულაციის შესახებ „გირჩის" ბოლო აქტივობას უკავშირებს.
ზურაბ ჯაფარიძე ტაქსით მგზავრთა გადაყვანის რეგულაციის დარღვევისთვის 1 ოქტომბერს 200 ლარით დააჯარიმეს. ზურაბ ჯაფარიძე საგანგებოდ გამოვიდა ქალაქის ქუჩებში ტაქსით „სამუშაოდ“ იმისთვის, რათა რეგულაცია დაერღვია.