ერაყის დედაქალაქში მეოთხე დღეა გრძელდება შეტაკებები
შეტაკებები სულ უფრო ინტენსიური ხდება ერაყის დედაქალაქში, სადაც დემონსტრანტები ზედიზედ მეოთხე დღეა მართავენ ანტისამთავრობო აქციებს უმუშევრობის, კორუფციისა და აუტანელი კომუნალური პირობების წინააღმდეგ.
იუწყებიან, რომ 4 ოქტომბერს ბაღდადში სროლის ხმა გაისმა იმ დროს, როდესაც უსაფრთხოების ძალები ცდილობდნენ არ დაეშვათ დემონსტრანტების შეჭრა ცენტრალურ ტაჰრირის მოედანზე.
ძალადობაში, რაც თან ახლავს ანტისამთავრობო გამოსვლებს, 1 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
იუწყებიან, რომ დაუდგენელი სნაიპერების ცეცხლით დაიღუპა პოლიცის ორი თანამშრომელი და ორი სამოქალაქო პირი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ-მაჰდიმ პირობა დადო, რომ გაითვალისწინებს დემონსტრანტების „კანონიერ მოთხოვნებს“, მაგრამ გააფრთხილა, რომ არ არსებობს ისეთი „მაგიური საშუალება“, რაც ერთბაშად გადაჭრიდეს ერაყის წინაშე მდგარ პრობლემებს.