ავღანეთში მოკლეს ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს მოკლეს ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდის ინდოეთის სუბკონტინენტის დაჯგუფების (AQIS) ლიდერი, ასიმ უმარი.
ავღანეთის უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის ცნობით, უმარი პაკისტანის მოქალაქე იყო, თუმცა ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ იგი დაიბადა ინდოეთში.
ალ-ყაიდის ერთ-ერთი გავლენიანი დაჯგუფების ლიდერი აშშ-ისა და ავღანეთის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა 23 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციის მუსა ყალის რაიონში, თალიბების ციტადელზე განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად.
თავდასხმის დროს ასიმ უმარის გარდა, დახოცეს კიდევ ექვსი ექსტრემისტი.
22-23 სექტემბრის ოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. ამერიკული ავიაცია ჰაერიდან უწევდა დახმარებას ავღანეთის სპეცრაზმს.
პარალელურად, ავღანეთის ხელისუფლება ამოწმებს სხვადასხვა ადგილობრივი წყაროთი გავრცელებულ ცნობას, საავიაციო იერიშის დროს 40 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ.