კალაძე: კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ ილია ჯიშკარიანს დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება
„ტვ პირველის“ ეთერში თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის შესახებ ისაუბრა.
წამყვანის შეკითხვაზე, ხო არ ჯობდა, ილია ჯიშკარიანს დროებით შეეჩერებინა დეპუტატის სტატუსი?
კახა კალაძე პასუხობს: „ალბათ, კარგი იქნებოდა, თუმცა, თუ შევხედავთ კანონის თვალსაზრისით, კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მას დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უნდა იყოს მისი მხრიდან მიღებული და აქ დროებით შეჩერებაზე არ არის საუბარი: კანონში პირდაპირ გაწერილია, მაშინ, მან უნდა დატოვოს მანდატი. ის არის არჩეული დეპუტატი, მაჟორიტარი ისნის რაიონში. თუ იმის შესაძლებლობა იქნებოდა, რომ დროებით შეჩერებოდა... უბრალოდ, ამის ბერკეტი არ არსებობს”.
თავდაპირველად კალაძემ ჯიშკარიანის შესახებ თქვა, რომ მან მანდატი ჯერ არ უნდა დატოვოს, რადგან „ეს შეიძლება, იყოს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას”.
ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
8 ოქტომბერს პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა, თამთა თოდაძე კი დაზარალებულად ცნო.