ერგნეთში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს საპროტესტო აქცია გაიმართა
ერგნეთში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობის“ ინიციატივით გაიმართა საპროტესტო აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ. ახალგაზრდებმა, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც გააპროტესტეს. ღარიბაშვილმა ეს განცხადება 1 ოქტომბერს გააკეთა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ტერიტორიები არ დაკარგულა. „ახალგაზრდა თაობის“ ხელმძღვანელის დავით დონერიანის თქმით, ეს იყო სიმბოლური ისტორიის გაკვეთილი, თავდაცვის მინისტრის განცხადების საპასუხოდ. „უკაცრავად, მაგრამ ყოველწამიერად ხდება ოკუპაცია, მავთულხლართი არის ჩვენი ცხოვრებისეული ყოველდღიურობა, გორის ავტობანიდან კი პრაქტიკულად სამას მეტრში ჩანს ბანერი. რას ეუბნება ღარიბაშვილი ამით თუნდაც ტატუნაშვილის ოჯახს, რომლის ორგანოებიც ჯერ კიდევ არ მიუღიათ, რას ეუბნება ოთხოზორიას ოჯახს?“ „ახალგაზრდა თაობას“ მოძრაობის „შეცვალე“ აქტივისტებიც შეუერთდნენ, მოძრაობის ლიდერი თორნიკე ხოჯაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას ვერ ითავისებს: „შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აღარც კარგავს ტერიტორიებს, რადგან საქართველოს მთავრობა თავისი ნებით აბარებს ამ ტერიტორიებს რუსეთის ხელისუფლებას და ელემენტარულ პროტესტსაც კი არ გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით. ტერიტორიების მიტაცებასთან და ადამიანების გატაცებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ გააჩნია და ესაა ჩვენი პროტესტის მიზეზი“.
ერგნეთში საპროტესტო აქცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ცხინვალის ფონზე ახალგაზრდებმა ანტისაოკუპაციო ტრანსპარანტები და ეროვნული დროშები გაშალეს.