ირანი აცხადებს, რომ პასუხს გასცემს "ლაჩრულ თავდასხმას" თავის ტანკერზე
ირანი "ლაჩრულ თავდასხმას" უწოდებს ინციდენტს, რომელსაც ირანის მედია აღწერს, როგორც სარაკეტო თავდასხმას ირანის მფლობელობაში მყოფ ნავთობის ტანკერზე.
"ამ ლაჩრული თავდასხმის ავტორებს შესაფერისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ჩვენ დავიცდით, სანამ ამ საქმის ყველა ასპექტი გაირკვევა", - მთავრობის პრესმდივნის, ალი რაბეის ამ სიტყვებს 12 ოქტომბერს ავრცელებს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA.
ირანის მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, ტანკერი მიზანში ამოიღეს 11 ოქტომბერს, წითელი ზღვის წყლებში, საუდის არაბეთთან ახლოს. ინციდენტი, რომელიც დამოუკიდებელ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, აგრძელებს წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმების სერიას და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაძაბოს ურთიერთობა რეგიონულ მეტოქეებს, ირანსა და საუდის არაბეთს შორის.
აშშ-მა ირანი დაადანაშაულა სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერებზე მაისსა და ივნისში მომხდარ თავდასხმებში, ისევე, როგორც სექტემბერში განხორციელებულ იერიშებში საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე. თეირანი რომელიმე ამ ინციდენტთან კავშირს უარყოფს.