რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრად ისევ ვალერი ბგანბა დანიშნა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ისევ ვალერი ბგანბა დანიშნა. ხაჯიმბას მიერ 14 ოქტომბერს ხელმოწერილი განკარგულებით, ბგანბას დაევალა „აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პერსონალური შემადგენლობის წარმოდგენა“.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით 10 ოქტომბერს გადადგა, დე ფაქტო პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული რაულ ხაჯიმბას ე.წ. ინაუგურაციიდან მეორე დღეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც, ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა მისცა 47.39%-მა.
ე.წ. არჩევნების შედეგები და ხაჯიმბას ლეგიტიმურობა არ აღიარა პარტია „ამცახარამ“, რომლის ლიდერი ალხას კვიცინია რაულ ხაჯიმბას კონკურენტი იყო.