მძარცველები, რომლებმაც ახალგაზრდა ქალი უთოთი აწამეს, პოლიციას ჯერ არ უპოვია
შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 ოქტომბრის მონაცემებით კვლავ მიმდინარეობს გამოძიება 30 სექტემბერს ბაქოს ქუჩაზე მომხდარი ძარცვის შესახებ და კვლავ ეძებენ მძარცველებს, რომლებმაც ახალგაზრდა ქალი ფულის მიღების სანაცვლოდ ორთქლის უთოთი აწამეს და პოლიციაში განცხადების შემთხვევაში შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის გამოძიების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ გასცემენ, მათ შორის არც იმას, რამდენ მძარცველს ეძებს პოლიცია.
ძარცვის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზურგის დამწვრობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ამბობს, რომ ახლა თავს შედარებით უკეთ გრძნობს და გამოძიების დასრულებას ელოდება.
შემთხვევა 2 კვირის წინ, ბაქოს ქუჩაზე, დევნილებისთვის განკუთვნილ სახლში დღის საათებში მოხდა, სადაც დაზარალებული მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით.