თადუმაძე ამბობს, რომ არ მოითხოვს განათლების ხარისხის ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას
„ადამიანებს, რომლებიც წელიწად-ნახევარი დიპლომთან დაკავშირებით ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ“, - ამბობს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე.
როგორც თადუმაძე აღნიშნავს, არ მოითხოვს განათლების ხარისხის ეროვნული განვითარების ცენტრიდან თავისი დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
„ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა და არც ჰქონია. მე სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწად-ნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეფასებით, 9 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძის განმარტებებმა კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანის ეჭვი.