ტრამპის ყოფილი მრჩეველი არ გამოცხადდა წარმომადგენელთა პალატაში ჩვენების მისაცემად
უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი არ გამოცხადდა გამოკითხვაზე წარმომადგენელთა პალატის იმპიჩმენტის მოკვლევის ფარგლებში, რომელიც ცდილობს დაადგინოს განახორციელა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზეწოლა უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე, მისი მეტოქის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად.
ჩარლზ კაპერმანმა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილედ მუშაობდა, უგულებელყო წარმომადგენელთა პალატის უწყება, რომლითაც ის 28 ოქტომბერს ჩვენების მისაცემად დაიბარეს - ეს ცნობა გაავრცელა კონგრესმენმა ადამ შიფმა, რომელიც პალატის სადაზვერვო კომიტეტს ხელმძღვანელობს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაპერმანს ჩვენების მიცემაზე იმუნიტეტი დაუწესა, რის შემდეგაც კაპერმანმა ფედერალური საჩივარი შეიტანა საიმისოდ, რომ მოსამართლეს გადაეწყვიტა, უნდა დამორჩილებოდა ის თუ არა წარმომადგენელთა პალატაში ამ გამოძახებას.
შიფმა განაცხადა, რომ კაპერმანის საჩივარი "არ ეფუძნება კანონს" და თეთრი სახლი ცდილობს ობსტრუქცია მოუწყოს კონგრესს, რათა მრჩეველმა არ მისცეს პოტენციურად მნიშვნელოვანი ჩვენება.
კაპერმანი გამოძახებას დამორჩილდება, თუ სასამართლო განაჩენს წარმომადგენელთა პალატის სასარგებლოდ გამოიტანს - განაცხადა მისმა ადვოკატმა, ჩარლზ კუპერმა 27 ოქტომბერს წერილში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრებს გაუგზავნა.
წარმომადგენელთა პალატამ საიმპიჩმენტო მოკვლევა გასულ თვეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ანონიმურად დატოვებულმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე 25 ივნისს შემდგარ სატელეფონო საუბარში ზეწოლა განახორციელა, რათა მას გამოძიება დაეწყო ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის წინააღმდეგ.