ამნესტი ინტერნეშენელი: ირანში საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის დროს 208 ადამიანი იქნა მოკლული
სულ მცირე, 208 ადამიანი იქნა მოკლული ირანში გასული თვის საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის დროს, იტყობინება ამნესტი ინტერნეშენელი. საწვავის ფასის ზრდა იყო საბაბი გამოსვლებისა, რომლებიც ირანის ათეულობით ქალაქში მოეწყო.
უფლებადამცავი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მან ცნობები დახოცილების შესახებ სანდო წყაროებისგან მიიღო და ვარაუდობს, რომ მოკლულთა რიცხვი კიდევ უფრო დიდია.
გამოსვლები ირანში დაიწყო 15 ნოემბერს, როცა მთავრობამ გამოაცხადა საწვავის ფასის გაორმაგების შესახებ, მაგრამ მალევე იქნა ჩახშობილი უშიშროების ძალების მიერ, რასაც მოჰყვა მთელ ქვეყანაში ინტერნეტის წვდომის შეჩერება.
ათეულობით მოკლულის შესახებ იტყობინებიან ქალაქ შაჰრიარიდან, აცხადებს ამნესტი.
ორგანიზაციამ გასულ კვირაში გაავრცელა ცნობა, რომ დახოცილთა რიცხვი 161 იყო.
ამნესტის თანახმად, მისი ციფრული ავთენტურობის დამდგენი ჯგუფის მიერ სანდოდ შეფასებულ ვიდეო ჩანაწერებზე ჩანს, როგორც ესვრიან უშიშროების ძალები უიარაღო ხალხს.
ამნესტი დასძენს, რომ შეგროვილი ინფორმაციის თანახმად, „მსხვერპლის ოჯახებს დაემუქრნენ და გააფრთხილეს, რომ მედიასთან არ ილაპარაკონ და არ ჩაატარონ დასაფლავების ცერემონიები“. ამავე ცნობით, ზოგიერთი ოჯახი აიძულეს, ფული გადაეხადათ მათი მოკლული ახლობლების ცხედრების გადასაცემად.