ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ მეთევზეებს ეძებენ
1 დეკემბრის ღამით გაუჩინარებული ორი მეთევზის სამძებრო სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანდარის ტბაზე 2 დეკემბრის დილიდან მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენებიც არიან ჩართულნი. რადიო თავისუფლებას გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რომ დაკარგულები თბილისელები არიან: „ტბაში ნავით იყვნენ შესულები და, როგორც ჩანს, მეთევზეები ამოვარდნილმა ქარმა ტბის სიღრმეში წაიღო“. თვითმხილველების განცხადებით, ნავი კუსტარულად იყო დამზადებული, მეთევზეები ტბაზე 1 დეკემბერს გამოჩნდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადების თანახმად, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი. ადგილზე იმყოფება, ასევე, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი.
„სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები“, - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს აზერბაიჯანული მხარეც.