შოთა დიღმელაშვილი: დღეს კარგი დღე იყო, გაშიშვლდა სისტემა
„ახლა შეგვიძლია, ავდგეთ და წავიდეთ“, - მიმართა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა „ქართული ოცნების" ოფისიდან მოშორებით მყოფ აქტივისტებს.
როგორც დიღმელაშვილმა თქვა, ხელისუფლებას უნდოდა წარმოეჩინა, რომ თითქოს საზოგადოების ორი ნაწილი ერთმანეთს უპირისპირდება.
„საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების სურვილში. ეს საზოგადოების ორი ნაწილის კი არა, ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებაა მთელ საზოგადოებასთან. მათ 20-50 ლარად იყიდეს ეს ტიტუშკები, რომლებიც მოდიოდნენ და მშვიდობიან მანიფესტანტებს ურტყამდნენ. გავაგრძელებთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის, რაც კი რამე ფორმა არსებობს, ყველაფერს გამოვიყენებთ. დღეს ძალიან კარგი დღე იყო, გაშიშვლდა სისტემა“, - ამბობს დიღმელაშვილი.
„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“, „გაბედეს“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლების აქციას (სახელწოდებით "რამდენს ბედავთ?") პერიოდულად თავს ესხმოდნენ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის თქმით, არავინ არის დაკავებული და პოლიცია აუცილებლად მოახდენს რეაგირებას.
ამ დროისთვის „ქართული ოცნების" ოფისთან აქცია დასრულდა.
აქტივისტებმა მმართველი პარტიის ოფისთან აქციის გამართვა, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან „გაბედეს" წარმომადგენლები დააკავეს. მათ სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა ჰქონდათ მიტანილი და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის კითხვა დაესვათ, რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, 7 პირია დაკავებული მცხეთაში ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად.