აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა დაბლოკა „სომეხთა გენოციდის რეზოლუცია“
აშშ-ის სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან (ჩრდილოეთი დაკოტა), კევინ კრემერმა 5 დეკემბერს დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც ოფიციალურად „გენოციდად“ აღიარებდა სომეხთა ხოცვა-ჟლეტას ოტომანთა იმპერიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.
ეს უკვე მესამედ ხდება, რომ რესპუბლიკელი კანონმდებელი არ აძლევს სენატს საშუალებას, მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 29 ოქტომბერს დაამტკიცა. კრემერის განცხადებით, მან რეზოლუცია იმ მიზეზით დაბლოკა, რომ ახლა ამისთვის არასწორი დროა და, ამასთან, ეს თურქეთს გააბრაზებდა.
„არა მგონია, სენატში ვინმე არ იყოს სეროზულად შეშფოთებული თურქეთის საქციელის გამო, თქვა კერმერმა და დასძინა, „სწორი დრო რომ მოვა, ალბათ დავამტკიცებთ“ რეზოლუციას.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები სენატს აკონტროლებენ, ხოლო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები დომინირებენ წარმომადგენლთა პალატაში.
კონგრესის მრჩევლებმა უთხრეს AP-ს, რომ თეთრ სახლს არ სურს, კანონი სომეხთა გენოციდის შესახებ დამტკიცდეს იმ დროს, როცა მნიშვნელოვანი მოლაპარაკება მიმდინარეობს ანკარასთან ისეთ თემებზე, როგორიცაა თურქეთის შეჭრა სირიაში და ნატოს წევრი ქვეყნის მიერ რუსეთის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვა, რასაც აშშ-ის სანქციები შეიძლება მოჰყვეს.
პირველი მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიაში დახოცეს ან განდევნეს სახელმწიფოდან მილიონ-ნახევარი ეთნიკური სომეხი, ქრისტიანული უმცირესობა. ბევრი ისტორიკოსი ამ მოვლენას გენოციდად მიიჩნევს. თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, ეწინააღმდეგება ტერმინ „გენოციდს“. ანკარა თვლის, რომ მსხვერპლი უფრო სამოქალაქო დაპირისპირებას მოჰყვა, ვიდრე ოსმალეთის ხელისუფალთა დაგეგმილ მცდელობას, გაენადგურებინათ სომხები. ასევე აცხადებს, რომ უფრო ნაკლები სომეხი დაიხოცა, ვიდრე ამას ზოგიერთი წყარო ამტკიცებს.