კონგრესმენი ელიოტ ენგელი NDI-ს და IRI-ის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა, 6 დეკემბერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდასაჭერად განცხადება გამოაქვეყნა.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ საოცარი წინსვლა განიცადა დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით - ღირებულებები , რაც ამერიკის ამ ქვეყანასთან პარტნიორობის ბირთვს წარმოადგენს. ქართველი ხალხი კი ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე რჩება მაშინ, როდესაც რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას“, - ელიოტ ენგელის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ მან მხარი დაუჭირა კონგრესის ინვესტიციას საქართველოს დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში სხვადასხვა, მათ შორის, NDI-სა და IRI-ს საშუალებით.
„ეს ორგანიზაციები მთელ რიგ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში ისინი მჭიდროდ მუშაობენ ფართო პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტიებთან. ისინი არ ირჩევენ არცერთ მხარეს და არც რომელიმე პოლიტიკურ შედეგს უჭერენ მხარს. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორებიცაა NDI და IRI, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, სუვერენული და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი.
აშშ-ის კონგრესი საქართველოს ხალხის გვერდით დგას და მე კვლავ გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად", - ნათქვამია ენგელის განცხადებაში.
28 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში NDI-სა და IRI-ს საქმიანობის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა.
„აქ [საქართველოში], რაც ხდება, როგორც ხდება, „ნაცების“ მიერ დაფუძნებული ენჯეოები მართავენ ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ენ-ჯე-ო-ებს. სამწუხარო რეალობაა, რომ იგივე ხდება NDI-სა და IRI-ს კვლევებში“, - თქვა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ პოლიტიკურ გუნდთან უკვე ილაპარაკა.
„თუ არ გამოვიდა, ამ ხერხით [ვაპირებ] საჯაროდ მივმართო კონგრესს, სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, რა ხდება აქ. როგორ ხდება ის, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკელების დაფინანსებული ორგანიზაციები...“ - თქვა ივანიშვილმა.