დონალდ ტრამპმა დაამტკიცა სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ
აშშ-ის პრეზიდენტმა პარასკევს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ყველა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობენ.
სანქციები ითვალისწინებს ვიზებზე უარის თქმას, ამერიკაში არსებული ანგარიშების გაყინვას იმ უცხოელი მოქალაქეებისა და ფირმებისთვის, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის მონაწილეობით ორი უდიდესი გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქეთის ნაკადის“ - მშენებლობასთან.
სანქციები წარმოადგენს თავდაცვის ხარჯების შესახებ კანონპროექტის ნაწილს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით მშენებარე გაზსადენს, არაერთხელ უწოდეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მუქარა.
ამერიკულ სანქციებს სასტიკად აკრიტიკებს გერმანია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა, აშშ-ის სანქციებს უწოდა „ევროპის მიერ მიღებულ ავტონომიურ გადაწყვეტილებაში ჩარევა“.
სანქციები შეიძლება სერიოზულად შეეხოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მთავარ კონტრაქტორს, შვეიცარიულ-ნიდერლანდურ კომპანია Allseas-ს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე მილების გამყვან უნიკალურ გემ Pioneering Spirit-ს ფლობს.
19 დეკემბერს სენატორებმა ტედ კრუზმა და რონ ჯონსონმა Allseas-ს მისწერეს წერილი, რომლითაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზე გააფრთხილეს.
კამპანიამ უკვე განაცხადა, რომ ახალი ამერიკული კანონმდებლობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებამდე, მუშაობას წყვეტს.