რა ვითარებაა კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ცირკულირებს ა და ბ ტიპის ვირუსი, სამჯერ მეტადაა გავრცელებული ბ ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
„დღევანდელი მონაცემებით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ამ დროისთვის იყო შარშან.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, გარდაიცვალა გრიპით დაავადებული 2 ადამიანი, რომელთაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.
როგორც „ინტერპრენიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მათ გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე განყოფილების გაათავისუფლეს, სადაც პაციენტებს იღებენ.
განსხვავებულ ვითარებაზე საუბრობენ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკასა და ღუდუშაურის კლინიკებში. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს, მომართვიანობა გაზრდილია გრიპის ვირუსის და გრიპისმაგვარი დაავადებების გააქტიურების შესაბამისად, თუმცა მდგომარეობა კრიტიკული არ არის. შარშანდელთან შედარებით კი ნაკლებია ვირუსის გამოვლინების მძიმე ფორმებიც.