EMC: თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი
სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე რაიმე შედეგი არ მოჰყოლია, - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
ორგანიზაციის ცნობით, გამოძიების დაწყებიდან 2 წლის თავზე არც ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული.
როგორც EMC მიუთითებს, მიმდინარე წლის 6 მაისს საქართველოს პროკურატურამ სპეციალური საჯარო განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიღებული იქნებოდა შემაჯამებელი გადაწყვეტილება. თუმცა ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა, მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები კი არ არიან ცნობილები დაზარალებულის უფლებამონაცვლეებად.
EMC მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით უკვე დადგენილია მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებები და კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი სახეზეა. მათ შორის,ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში ჰორიზონტალურ, მწოლიარე მდგომარეობაში იყო და ამდენად, ხელყუმბარის გამოყენების შესაძლებლობა, რაზეც სუს აპელირებს, მას ვერ ექნებოდა.
„საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახი, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის თანამშრომლობის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ იყო და ოჯახის წევრებს სპეცრაზმელთა მოქმედებების კონტროლის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, რაც ხელყუმბარის „ჩადების“ შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ვერსიას აძლიერებს", - აღნიშნავს EMC.