ევროკავშირის ელჩი მიესალმება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას
„ძლიერ მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასა და ახალი წლისთვის ოჯახში დაბრუნების ფაქტს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. განცხადება მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ნება მიბოძეთ, ასევე შეგახსენოთ გამშვები პუნქტების ხელახალი გახსნისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა“, - წერს ელჩი ჰარცელი იმავე ტექსტში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.
28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა. ის ავტომობილს თავად მართავდა. მანამდე, გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და გარკვეული დროის შემდეგ მათ ყველა შეკითხვას უპასუხებს.