გაფრინდაშვილის მეუღლე: მადლობა ყველა გულშემატკივარს, სახელმწიფო სტრუქტურებს
ძალიან საამაყოა, რომ ამ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში, - აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - თამილა ლაფანაშვილი. ის დიდ მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარსა და ყველა იმ სახელისუფლებო სტრუქტურას, რომელიც ჩართული იყო ექიმის გათავისუფლების პროცესში.
„ძალიან ემოციურია და მართლა შოკივით იყო ეს ამბავი და გადარეულები ვართ სიხარულით. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სახელობითად რომ ჩამოვთვალო, აუცილებლად ვიღაც გამომრჩება იმიტომ, რომ უამრავი ხალხი იყო ამაში ჩართული.
ყველას ძალიან დიდი მადლობა აქ დამსწრეებს - ვინც აქ დაგვხვდა, ვინც გაგვაგებინა, ვინც უბრალოდ გვგულშემატკივრობდა ჩვენ. ყველას ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საამაყოა, რომ ამ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში.
მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო ორგანოებს, სახელისუფლებო ყველა რგოლს, რომელიც იყო ჩართული და ძალიან ბევრი იყო ჩართული და ყველას ძალიან დიდი მადლობა და ყველას ვულოცავ ახალ წელს. ბედნიერი ახალი წელი გვქონოდეს“, - აცხადებს თამილა ლაფანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკომენტარში.
ვაჟა გაფრინდაშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, გორიდან თბილისისკენ, საკუთარი ავტომობილით, ოჯახის წევრების თანხლებით გაემგზავრა. ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და გარკვეული დროის შემდეგ მათ ყველა შეკითხვას უპასუხებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.