ვაჟა გაფრინდაშვილი - "თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე"
ცხინვალის ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ყვება, რომ პირველი გზავნილი, ე.წ. „პერედაჩა“ მიიღო ექიმ გურამ ქარაზანაშვილისგან, რომელმაც ეს თავისი მოსკოველი მეგობრის დახმარებით მოახერხა.
ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მცდარია ცნობა, რომ მან სასამართლოზე დასკვნით სიტყვაში მოინანია ჩადენილი. ის აზუსტებს, რომ დუმილის უფლებას იყენებდა, თავდაპირველი ჩვენება არ შეუცვლია და დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადა იმ ადგილობრივებს, ვინც მას საპატიმროში ამანათებს უგზავნიდა:
„საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო არ გამომეხატა ოსი მოსახლეობისადმი ჩემი მადლიერება იმიტომ, რომ თვენახევარი ვიყავი ამ ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე.
შეიძლება თავიდანვე არასწორი გზა ავირჩიე. მხოლოდ პურს ვიღებდი და კვერცხს. სხვა იქაური ციხის საჭმელი არ მიჭამია. იყო [საჭმელი] ამ გზავნილებით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისგან იყო და მათ მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო იმ ოს მოსახლეობას, რომლებიც ჩემს გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ისინი ჩემს გამო შეაწუხეს. ზუსტად იგივე სიტყვები ვთქვი მე იქ და არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მე მათ ბოდიში მოვუხადე, რომ შეაწუხეს ჩემს გამო და არა იმის გამო, რომ მე ისინი შევაწუხე“.