ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ღაზაში დაბომბა „ჰამასის“ ლიდერის სახლი
![ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ღაზაში დაბომბა „ჰამასის“ ლიდერის სახლი](https://gdb.rferl.org/baf50983-fc48-45ea-9fbb-ec9d55156cce_cx0_cy6_cw0_w800_h450.jpg)
ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზაში დაბომბეს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას სახლი. თავად ჰანია ღაზის სექტორში არ იმყოფება.
ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ჰანიას რეზიდენციას „ჰამასი“ იყენებდა „ტერორისტულ ინფრასტრუქტურად“ და მეთაურების შეხვედრის ადგილად, სადაც განიხილებოდა „ტერორისტული აქტები" ისრაელის სამოქალაქო პირებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ.
ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ასახავს ისმაილ ჰანიას დანგრეულ რეზიდენციას. სხვა წყაროებით ეს ცნობა ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ჰამასმა“ ისმაილ ჰანია 2017 წელს აირჩია პოლიტბიუროს ხელმძღვანელად. არსებული ინფორმაციით, ჰანია უკვე რამდენიმე წელია კატარში ცხოვრობს.
2022 წელს ისმაილ ჰანია იმყოფებოდა რუსეთში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შეხვდა და დუმაში სიტყვით გამოვიდა.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
„ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.