უზბეკეთის ყოფილი გენერალური პროკურორი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
კორუფციაში ბრალდებული უზბეკეთის ყოფილი გენერალური პროკურორი, რაშიდ კადიროვი, შეუძლოდ გახდა და საკნიდან იგი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
კადიროვის ერთ-ერთმა ახლობელმა ჩვენ რადიოს უთხრა, რომ მოხელის ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მის საკანში მყოფი სამი პატიმარი ყოფილ გენერალურ პროკურორს დანაშაულის აღიარებას აიძულებდა.
66 წლის კადიროვი გენერალურ პროკურატურას სათავეში ედგა 2000-დან 2015 წლამდე. თანმდებობიდან გადაყენების შემდეგ მან მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოში განაგრძო. კადიროვი 2018 წლის თებერვალში დააპატიმრეს. მანამდე უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიაევმა ერთ-ერთ თათბირზე პროკურატურის თანამშრომლებს უწოდა „ყველაზე დიდი მტრები“ და „ნაგავი“. ვინაობის დაუსახელებლად, უზბეკეთის პრეზიდენტმა, ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობა დააკისრა კადიროვს, წერს რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური.
ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი ედება სისხლის სამართლის სამი მუხლით - გამოძალვა, თანამდებობის ბოროტად სარგებლობა და ქრთამის აღება. საქმეში ფიგურირებს კიდევ 12 სახელმწიფო მოხელე.