პროკურატურა არ საუბრობს, თუ ვინ გაავრცელა თავდაპირველად ფარული ვიდეოჩანაწერი
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს, თუ ვინ გაავრცელა თავდაპირველად ფარული ვიდეოჩანაწერი.
„ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სამივე პირის მიმართ, რომელთა მიმართაც მოთხოვნილი იყო პატიმრობა, არსებობს შესაბამისი საფუძველი. ყველა პირზე, რომელსაც გავრცელებული ან უკანონოდ შეიძლება მოპოვებული ჰქონდეს ეს ვიდეოჩანაწერი, გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.
მათგან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი, 2 000 ლარიანი, 3000 ლარიანი და 1500 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.