“ჯეოსელის” შეფერხებით მუშაობის გამო „სილქნეტი” მომხმარებლებს ბოდიშს უხდის
სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტი”, თავის მომხმარებელს ბოდიშს უხდის “ჯეოსელის” ქსელში შექმნილი შეფერხების გამო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელშიც ასეთი შეფერხების მიზეზად დასახელებულია 25 იანვარს “ჯეოსელის” ქსელში განხორციელებული სისტემური ცვლილება.
„ეს იყო ახალ საბილინგო პროგრამაზე გადასვლა. სამუშაოების დაწყებიდანვე ყოველ ღონეს ვხმარობდით, რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი შეჰქმნოდათ სერვისით სარგებლობისას. ვინაიდან ეს პროცესი, თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, მასშტაბურ სამუშაოებთან არის დაკავშირებული, ჩვენი მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს, სამწუხაროდ, ჰქონდა შეფერხებები: ახალ სისტემაზე გადასვლის შემდგომ დღეებში, მათ ვერ შეძლეს სერვისის გააქტიურება და რიგ შემთხვევებში, ვერ ხერხდებოდა ჩარიცხული თანხების სწორად ასახვა ნომრის ანგარიშზე“, -ნათქვამია „სილქნეტის“ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად აღნიშნული ხარვეზის უდიდესი ნაწილი აღმოფხვრილია და მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება შეზღუდული სერვისების გააქტიურება და არასწორად დარიცხული/ჩამოჭრილი თანხების კორექტირება.
“ჯეოსელის” ყველა იმ აბონენტს, რომლებსაც ჰქონდათ ზემოთ აღნიშნული შეფერხება, უახლოეს მომავალში, კომპანია “სილქნეტი” საჩუქრად ჩაურიცხავს დამატებით 5 გიგაბაიტ ინტერნეტს”, – აცხადებს სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტი“