სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარ სავარაუდო დაპირისპირებაზე სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 386-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ანდა მისი იძულება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება.
„ამას ადასტურებს კლინიკა „რუსთავში" ჩატარებული კვლევები, მათ შორის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც რაიმე სახის დაზიანება არ გამოვლენილა. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეზე არც გარეგანი დაზიანების ან ტრავმის კვალი აღმოჩენილა. რუსთავის სამედიცინო დაწესებულების გარდა, დამატებითი სამედიცინო კვლევები ელჯან ეფენდიევს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშიც ჩაუტარდა, მათ შორის ლაბორატორიული კვლევები, გულმკერდის რენტგენოსკოპია, ასევე ნევროლოგიური, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური კვლევები, სადაც ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანება ასევე არ გამოვლენილა. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას რაიმე სახის ჩივილები არ გააჩნია“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ელჯან ეფენდიევის ოჯახის მტკიცებით, ეს არ ყოფილა მათ შვილზე ძალადობის პირველი შემთხვევა.