ეუთოს თავმჯდომარე ორდღიანი ვიზიტით ეწვევა საქართველოს
10-11 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.
შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს.
„ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.