სამოქალაქო აქტივისტის ღირსების შელახვაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს გირაო შეეფარდა
გორის სასამართლომ 5000 ლარის გირაო შეუფარდა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, თემურ მანველიშვილს. მას სამოქალაქო აქტივისტთან, გიგა მაქარაშვილთან დაპირისპირების გამო ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას თანამდებობის გამოყენებით, რაც პირს აყენებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას.
მანველიშვილს პროკურატურამ ბრალი 9 თებერვალს წაუყენა, ერთი დღით ადრე კი მან თანამდებობა დატოვა. მანამდე მანველიშვილს გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილისგან მხოლოდ საყვედური ჰქონდა გამოცხადებული.
ინციდენტი მოხდა 2018 წლის ოქტომბერში, როცა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა გორის მერიასთან გააპროტესტა თავზარაშვილის განცხადება 2008 წელს გორიდან ცხინვალის დაბომბვის შესახებ და მერიის კიბეებზე დაყარა ფუნა და საკენკი.
აქცია-პერფორმანსის დასრულების შემდეგ სამოქალაქო ატივისტმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო, რა დროსაც მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ მანველიშვილმა თავზე ჩამოამხო ნაგვით სავსე ურნა. მას მაქარაშვილმა პროკურატურაში უჩივლა.