ესტონეთში არმიის ყოფილი მაიორი და მისი მამა დამნაშავედ სცნეს რუსეთისთვის ჯაშუშობაში
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სასამართლომ არმიის ყოფილი მაიორი, 38 წლის დენის მეცავასი და მისი მამა, 65 წლის პიოტრ ვოლინი დამნაშავედ სცნო საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის, იგივე გრუსთვის.
ესტონეთის სახელმწიფო პროკურორის ოფისმა 11 თებერვალს გამოაცხადა, რომ, სასამართლოს დასკვნით, მეცავასი ინფორმაციას ათი წლის განმავლობაში გადასცემდა, რისთვისაც მას 15 წლით და ექვსი თვით მიესაჯა პატიმრობა.
ვოლინი გრუსთან ნახევარჯერ ნაკლები პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობდა და მას ექვსი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. მეცავასი ესტონეთის შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის ავღანეთში ნატოს ძალების მისიაში. ესტონეთში ჯაშუშობის რამდენიმე გახმაურებული საქმე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. როგორც ესტონეთის, ისე რუსეთის მოქალაქეებს ბრალად ედებათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსკოვისთვის გადაცემა. დღეს ესტონეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა.