ზუგდიდის მეექვსე სკოლის ინსპექტირების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდება.
გამოძიების დაწყებას მოითხოვდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას ვაჟი, ბაჩანა შენგელია, რომელიც კონკრეტული ადამიანების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდა.
ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
გამოძიების დაწყებას მიესალმა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც. მისი განცხადებით, რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.