მოსკოვის სასამართლომ 7 მარტამდე დააკავა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი
მოსკოვის სასამართლომ 7 მარტამდე დააკავა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი აზატ მიფტახოვი. ის ეჭვმიტანილია 2018 წელს მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაში. მაშინ უცნობმა პირებმა შუშა გატეხეს და შენობაში აალებადი ნივთიერება შეაგდეს.
მიფტახოვს ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობაში სდებენ ბრალს. ეჭვმიტანილმა ითხოვა, შინაპატიმრობაში მოათავსონ. ის თავს ბრალდებულად არ მიიჩნევს.
ცეცხლის წაკიდების შესახებ საქმე აღიძრა გასული წლის 31 იანვარს, მაგრამ ის შეწყდა ეჭვმიტანილთა არარსებობის გამო. საქმე მიმდინარე წლის 7 თებერვალს განაახლეს და მიფტახოვი მეორედ დააკავეს.
როგორც მისი ადვოკატი ამბობს, მიფტახოვის საქმეში მის წინააღმდეგ გამოიყენება ნიღბიანი ანონიმი მოწმის ჩვენება, რომელმაც ის „სახასიათო წარბების“ გამო ამოიცნო.
მიფტახოვი 1 თებერვლიდან იმყოფება სამართალდამცავი ორგანოების ხელში. მან განაცხადა, რომ ის აწამეს და სცემეს და მან ვენების გადაჭრა სცადა. წამების შესახებ განაცხადა ასევე მიფტახოვთან ერთად დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა.
აზატ მიფტახოვის გათავისუფლებას ითხოვენ ადამიანის უფლებების დამცველები, რომლებმაც ღია წერილით მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას. ადვოკატები მოითხოვენ, გამოძიებულ იქნეს წამების შესახებ ცნობები.