„მაგთიკომს“ ტარიფების გაზრდის უფლება არ მიეცა
„მაგთიკომის“ აბონენტები საკომუნიკაციო სერვისის გაძვირებას 18 თებერვლიდან ელოდებოდნენ, თუმცა ეს არ მოხდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, კომპანიას ტარიფების გაძვირება შეუჩერდა.
„კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს.
აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა“, - იტყობინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
კომისიის შეფასებით, სერვისის გაძვირების შესახებ „მაგთიკომის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება „მომხმარებელს აყენებს ზიანს“ და კვლევის დასრულებამდე ამ პროცესის შეჩერება მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
კომისიის გადაწყვეტილებით „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, „მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა“.
კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ დატოვოს ძალაში.