ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა 23 თებერვალს გაიმართება
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ პრეზიდიუმის სხდომის თარიღი დაასახელა. ფედერაციის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, პრეზიდიუმის წევრები 23 თებერვალს 15:00 საათზე შეიკრიბებიან ვაკეში მდებარე ფალავანთა კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი თბილისის სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტი იქნება. პრეზიდიუმის 36 წევრი იმსჯელებს საკითხზე, რომელზეც პარალელურად გამოძიებაც მიმდინარეობს, ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის მიერ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ძალადობის მუხლით. გეგეშიძე ამ საქმესთან დაკავშირებით ორი დღით დაკავებულიც იყო, შემდეგ კი თბილისის სასამართლომ 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და პირველი წინასასამართლო სხდომა 12 მარტისთვის ჩაინიშნა.
ზურაბ დათუნაშვილი პრეზიდიუმის შემადგენლობას უნდობლობას უცხადებს და ულტიმატუმს აყენებს: თუ გეგა გეგეშიძე თანამდებობას შეინარჩუნებს, სპორტსმენი ან კარიერას დაასრულებს, ან ჭიდაობას სხვა ქვეყნის სახელით გააგრძელებს.