გია ხუხაშვილი: TBC-სთან დაკავშირებულ პროცესს პოლიტიკური ელფერი აქვს
“პროცესში პოლტიკური ინტერესის არსებობის ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ 2007-2008 წლის საქმეზე ახლახან დაიწყო გამოძიება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების შესახებ.
მისი თქმით, თუკი ბანკის ხელმძღვანელი პირები თაღლითურ გარიგებაზე წავიდოდნენ, ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ მათ საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან საფინანსო სისტემის ძირეული აუდიტი დამალულს არაფერს ტოვებს.
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურის განმარტებით, 2008 წლის აპრილ-მაისში კომპანიების შპს „სამგორი M“-ისა და „სამგორი თრეიდის“ მიერ „თიბისი ბანკისგან“ აღებული სესხი (17 მილიონი დოლარი) იმავე დღეს სესხის სახით გაიცა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.
პროკურატურა იტყობინება, რომ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა არც „სამგორი M“-ისა და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ, ხოლო შემდეგ ისინი ჩანაცვლდნენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ და დღემდე ეს თანხა არ არის ანაზღაურებული „თიბისი ბანკისთვის“.
გია ხუხაშვილი იმედოვნებს, რომ „თიბისი“ ბანკის საქმიანობაზე არ აისახება ეროვნული ბანკის ახალი მოთხოვნა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ დატოვონ საბჭოს წევრობა, რადგან „თიბისი ბანკი ძლიერი ინსტიტუტია და ის მხოლოდ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძძეზე არ დგას“.
გია ხუხაშვილის თქმით, მართალია, მსგავსი ფაქტები ყოველთვის დამაზიანებელია ბანკის რეპუტაციისთვის, მაგრამ უმეცარი და არაწინდახედული ნაბიჯი იქნება, თუკი მეანაბრეები ბანკიდან ფულის გამოტანას დაიწყებენ.
ანალიტიკოსისთვის ნათელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ ამჯერად, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ასეთი უარყოფითი დამოკიდებულებით სხვა ინტერესთა ჯგუფებიც სარგებლობდნენ.
„თიბისი ბანკი“ აპირებს გააგრძელოს სასამართლო დავა 2007-2008 წელს შესრულებულ იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც კანონმდებლობის დარღვევა. განცხადება ამის თაობაზე „თიბისიმ“ 14 თებერვალს გამოაქვეყნა.