პოლ მანაფორტს შესაძლოა, 24 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს
აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს შესაძლოა 19-დან 24 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს გადასახადებისთვის თავის არიდებისა და თაღლითობის ბრალდებების საფუძველზე.
აშშ-ის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ადმინისტრაციამ 15 თებერვალს სასამართლოს წარუდგინა განაცხადი, რომ მიულერი ეთანხმება პატიმრობის ვადების ფედერალურ რეგულაციას, რომელიც მანაფორტისათვის წაყენებული ბრალდებებისთვის განსაზღვრავს პატიმრობის ვადას 235-დან 293 თვემდე.
ათ წელზე მეტი მანაფორტი იქცეოდა, თითქოს კანონზე მაღლა ყოფილიყო და ფედერალურ მთავრობასა და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტს უმალავდა მილიონობით დოლარს, - ნათქვამია პროკურორების განცხადებაში. მასში აღნიშნავენ ასევე, რომ 69 წლის მანაფორტის ასაკი არ უნდა გახდეს პატიმრობის ვადის შემცირების მიზეზი. ის მონაწილეობდა მოწმეებზე გავლენის მცდელობაში, როცა უკვე წაყენებული ჰქონდა ბრალდება.
თუ ვირჯინიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ტ.ს. ელისი გაიზიარებს ამ არგუმენტებს, მანაფორტი შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს ციხეში. განაჩენის გამოცხადების ვადა ჯერ არ არის დადგენილი.