გარდაიცვალა გამოჩენილი შვეიცარიელი მსახიობი, ბრუნო განცი
77 წლის ასაკში გარდაიცვალა შვეიცარიელი მსახიობი ბრუნო განცი, ცნობილი როლებით, რომლებიც შესრულებული აქვს ვიმ ვენდერსის ფილმში „ცა ბერლინის თავზე“ და ოლივერ ჰირშბიგელის „ბუნკერში“.
განცი გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ ციურიხში, სადაც დაიბადა 1941 წლის 22 მარტს. კინოში პირველი როლები ერგო 60-იან წლებში. სულ გადაღებულია 30-ზე მეტ კინოფილმში.
2004 წელს გამოსულ „ბუნკერში“ (Der Untergang), რომელიც ნაცისტური რეჟიმის ლიდერის ბოლო დღეებს ასახავს, ის ჰიტლერს განასახიერებს.
ბრუნო განცი ამავე დროს იყო გერმანულენოვანი თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი მსახიობი, სხვადასხვა სცენაზე აქვს განსახიერებული ოიდიპოსი, ოდისევსი, ფაუსტი.
1996 წელს განცს მიენიჭა აუგუსტ ვილჰელმ იფლანდის ბეჭდის ტარების პრივილეგია, რომელიც მსახიობს სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდება. ბეჭედზე გამოსახულია მე-18 საუკუნის გერმანელი მსახიობისა და დრამატურგის პორტრეტი. იფლანდის ბეჭედი მისი მფლობელის ანდერძით გადაეცემა შემდეგ მფლობელს - გერმანულენოვანი თეატრის საუკეთესო ხელოვანად მიჩნეულ პირს.