პენსი: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს ახდევინებს საფასურს მისი პოლიტიკისათვის
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს ახდევინებს საფასურს უკრაინის მიმართ პოლიტიკის, ინგლისში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის მცდელობისა და ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დარღვევისათვის.
რუსეთთან ურთიერთობის თემა პენსმა ახსენა მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.
მანვე გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ზოგი ნატოელი მოკავშირე იარაღის ყიდვას ამჯობინებს „აღმოსავლეთში და არა დასავლეთში“. მან, როგორც ჩანს, იგულისხმა თურქეთი, რომელმაც რუსეთთან დადო კონტრაქტი ეს-400 ტიპის ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვის შესახებ.
მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას, პენსმა ევროკავშირს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ირანთან მიმართებით აშშ-ის მკაცრ პოზიციას და, ასევე ვაშინგტონის მსგავსად, ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარონ ხუან გუაიდო.
„დადგა დრო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის, შეწყვიტონ ირანის მიმართ სანქციების რეჟიმისათვის ძირის გამოთხრა“, განაცხადა პენსმა.
მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელეა ასევე მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას დაიცვა ევროპის მიდგომა ირანის საკითხში.