თეთრი სახლის პრეს-მდივანი ადასტურებს, რომ გამოკითხა აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა
თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერსი ადასტურებს, რომ ის გამოკითხა აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა, რომელსაც ევალება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2016 წელს რუსეთის სავარაუდო ჩარევისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდთან რუსეთის შესაძლო კავშირის გამოძიება.
„პრეზიდენტმა მომიწოდა, ისევე როგორც ყველას (ვაშინგტონის) ადმინისტრაციაში, სრულად ვითანამშრომლო სპეციალურ პროკურორთან. მე სიამოვნებით, ნებაყოფლობით ვესაუბრე მას“, უთხრა სანდერსმა 15 თებერვალს ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ს.
მას დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ, ცნობების თანახმად, სანდერსი გამოკითხეს, დაახლოებით, იმავე პერიოდში, როცა მიულერი ესაუბრა ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ჯონ კელის.
გამძიების მსვლელობაში, მიულერმა გამოკითხა პრეზიდენტის გუნდის ბევრი სხვა წევრიც.
სარა სანდერსი 2016 წელს მრჩევლად ჩაერთო ტრამპის საარჩევნო კამპანიაში და 2017 წლის ივლისში გახდა თეთრი სახლის პრეს-მდივანი.
ტრამპი უარყოფს რუსეთთან კავშირის ბრალდებას. ის პოლიტიკურ „კუდიანების დევნად“ მიიჩნევს გამოძიებას. ეს მეტაფორა სანდერსსაც აქვს გამოყენებული მიულერის მუშაობაზე საუბრისას.