მაიკ პენსი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, გავიდნენ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, გავიდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან.
„დადგა დრო, ჩვენი ევროპელი მეგობრები მხარში ამოგვიდგნენ და მხარში ამოუდგნენ ირანელ ხალხს“, განაცხადა პენსმა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.
მისივე თქმით, დადგა დრო, ამერიკის ევროპელი პარტნიორები გავიდნენ ირანთან შეთანხმებიდან. ამ შეთანხმებით, მსოფლიოს ექვსმა სახელმწიფომ - აშშ-მა, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ - ირანთან მოილაპარაკა მისთვის სანქციების შემსუბუქებაზე ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
აშშ შარშან გავიდა შეთანხმებიდან, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მაგრამ ყველა დანარჩენი ხელმომწერი ქვეყანა შეთანხმების გადარჩენას ცდილობს.
მიუნხენის კონფერენციაზე პენსის გამოსვლამდე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიცვა ირანთან დადებული შეთანხმება, როგორც ბერკეტი დასავლეთისათვის ირანზე ზეწოლის მოსახდენად.