ირანი: გასულ კვირაში გვარდიელებზე თავდასხმა პაკისტანის მოქალაქემ მოაწყო
ირანელი ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმკვლელი თავდამსხმელი, რომელმაც გასულ კვირაში მოკლა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრები, პაკისტანის მოქალაქე იყო.
რევოლუციური გვარდიის კორპუსის ბრიგადის გენერალმა, მოჰამად პაკპურმა 19 თებერვალს ამ საკითხზე საუბრისას დაასახელა ეჭვმიტანილის ვინაობაც. მისივე თქმით, ექსტრემისტების ჯგუფში, რომელმაც 13 თებერვლის აფეთქება დაგეგმა, შედიოდნენ კიდევ ერთი პაკისტანელი და ირანის სამი მოქალაქე, რომელთაგან ორი დაკავებულია.
პაკისტანმა დაგმო თავდასხმა, რომელმაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის 27 წევრი შეიწირა. ისლამაბადმა პირობა დადო, რომ ითანამშრომლებს თეირანთან.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო სუნიტი მუსლიმების ჯგუფმა „ჯაიშ ალ ადლმა“. ის აცხადებს, რომ იბრძვის ბელუჯების ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
13 თებერვალს თვითმკვლელი თავდამსხმელი დანაღმული ატომანქანით დაეჯახა ავტობუსს, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ჯარისკაცები გადაჰყავდა სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში. პაკისტანისა და ავღანეთის მოსაზღვრე ეს რეგიონი ექსტრემისტებისა და ნარკოტრეფიკერების აქტიურობით გამოირჩევა.