პაკისტანი საჭიროდ მიიჩნევს ინდოეთთან მოლაპარაკებას დაძაბულობის განსამუხტად
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ მის ქვეყანას არაფერი აქვს საერთო აფეთქებასთან, რომელმაც ქაშმირში ათობით ინდოელი ჯარისკაცი მოკლა. ხანი საჭიროდ მიიჩნევს მოლაპარაკებას დაძაბულობის განსამუხტად.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თქმით, ინდოეთმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე წაუყენა ბრალდებები ისლამაბადს და მისი მთავრობა მზადაა, დელისთან ითანამშრომლოს ქაშმირის ინდურ ნაწილში მომხდარი აფეთქების გამოსაძიებლად.
იმრან ხანის ამ განცხადებამდე პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაეროს წერილობით სთხოვა დახმარება ინდოეთთან დაძაბულობის განმუხტვაში.
ინდოეთი, გარდა იმისა, რომ პაკისტანს აკისრებს პასუხისმგებლობას ორ ბოლოდროინდელ თავდასხმაზე, მას მკაცრი რეაგირებით დაემუქრა.
18 თებერვალს ისლამაბადმა საკონსულტაციოდ გაიწვია დელიში თავისი ელჩი.
ბირთვული იარაღით აღჭურვილ ორ მეზობელს ერთმანეთში აქვს გაყოფილი ქაშმირი. 1947 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მომხდარი სამი ომიდან ორის მიზეზი იყო უთანხმოება ამ რეგიონის გარშემო.