თბილისის ვიცე-მერი: არცერთი სცენარით K2-ის გადამეტება აღარ მოხდება
„არცერთი სცენარით K2-ის გადამეტება აღარ მოხდება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ფეისბუქის პირდაპირ ეთერში მოქალაქის შეკითხვას K2 კოეფიციენტის ზრდის შეზღუდვის საკითხზე.
„ჩვენ კარგად დავინახეთ რა გამოიწვია K2 კოეფიციენტის ზრდამ - ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, დაუგეგმავი განაშენიანება, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო.
რამდენიმე წლის წინ იყო გადაწყვეტილება გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც არსებობდა ინსტრუმენტი, რომლითაც კომპანიები ახერხებდნენ გადამეტებას და შენობებიც დაუსრულებლად იზრდებოდა სიმაღლეში იზრდებოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ K2 კოეფიციენტი არც ცენტრალურ და არც პერიფერიებში აღარ გაიზრდება არცერთი გზით და არცერთი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, სამართლებრივ დონეზე იკრძალება K2 კოეფიციენტით მანიპულაციები. ამის შესახებ მან 15 თებერვალს განაცხადა.
ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან. წლების განმავლობაში, ნებადართული იყო მშენებლობის კოეფიციენტის ზრდა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ.