სომხურ-ოსური მეგობრობის აღსანიშნავად ცხინვალში სომხურ ჯვარს დადგამენ
სომხურ-ოსური მეგობრობის აღსანიშნავად სომხურ ჯვარს (ხაჩქარს) დადგამენ ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე.
ამის შესახებ განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრისას.
ბიბილოვი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები სომხური დიასპორა საკუთარ თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს:
„ჩვენთან ბევრი სომეხი მაღალ თანამდებობას იკავებს. ისინი პატრიოტები არიან და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებს ატარებენ“, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რეს“.
დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვებით, სომხურმა დიასპორამ ძმური მეგობრობის აღსანიშნავად მათ შესთავაზა სომხური ჯვრის დადგმა:
„ძეგლი დაიდგმება ქუჩაზე „არმიანსკაია“, იქვე გაშენდება სკვერი. ჯვარი, რომელსაც იქ დავდგამთ, გახდება ოსებისა და სომხების მეგობრობის სიმბოლო არა მხოლოდ ჩვენს რესპუბლიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ანატოლი ბიბილოვის თქმით, სომხებსა და ოსებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ:
„ჩვენ არასდროს ვივიწყებთ იმ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ვაფასებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც მათ გვიანდერძეს კეთილმეზობლობისა და ძმობის თვალსაზრისით“.