საქართველო ქართული ტოლერანტობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას ითხოვს
ქართული მხარის ინიციატივა, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და იუნესკოს გენერალულ მდივნის, ოდრი აზულის შეხვედრისას განიხილეს. შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი".
ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, საუბარი ასევე შეეხო განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, გოგონების და ქალების განათლების მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს.