ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა იოლი გამარჯვებით გახსნა. 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ შეხვედრაში მსოფლიოს მე-12 ჩოგანს - რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და ორ სეტში მოუმთავრა საქმე - პირველი სეტი 6:4 მოუგო, მეორეში კი მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო - 6:1.
ბასილაშვილი ხაჩანოვთან მოგებით მერვედფინალში გავიდა. მისი მომდევნო მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტისა და ინდოელი რამკუმარ რამანათანის წყვილში გამარჯვებული იქნება.
დუბაის ტურნირის პარალელურად, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და მასში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-19 ადგილს იკავებს. ეს მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.